საქართველოს უხუცესთა საბჭოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ინგუშეთის რესპუბლიკაში

საქართველოს უხუცესთა საბჭოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ინგუშეთის რესპუბლიკაში.  დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ფრიდონ ინჯია, უხუცესთა საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე, პუბლიცისტი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ვალერი კვარაცხელია, უხუცესთა საბჭოს საგარეო ურთიერთობათა სექციის ხელმძღვანელი,  ფსიქოთერაპევტი გივი სულაქველიძე და უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრი, ტრავმატოლოგი რეზო სულავა.

 საქართველოს უხუცესთა საბჭოს დელეგაციას დახვდნენ,  ინგუშეთის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, მურატ დასკიევი და სხვა წევრები, აგრეთვე ინგუშეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების, ეროვნული პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი რუსლან ილეზის ძე მიზიევი, მინისტრის მოადგილე არტურ უმარის ძე ალბაკოვი.

ვიზიტის მიზანი იყო, ქართველ და ინგუშ ხალხებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება, ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება და კულტურული თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა. დელეგაციის სპეციალური მისია შეადგენდა ხიზირ დერბიჩევის ოჯახის მონახულებას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის, სამძიმრის წერილის გადაცემას.

 საქართველოს უხუცესები ხიზირის მამას, დედას და ბაბუას შეხვდნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს თანაგრძნობა ოჯახის მიმართ. ქართველმა უხუცესებმა ხიზირის მამას პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად საჩუქრად გადასცეს ფაფახი — კავკასიაში ღირსების, ვაჟკაცობისა და კაცური სიტყვის სიმბოლო. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ხიზირ დერბიჩევის გმირობა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობრის გადარჩენა სცადა, მისი თავგანწირვა, სიმამაცე და ადამიანური ღირსება მრავალ ქვეყანაში იქცა პატივისცემისა და აღიარების საგნად. ის სამუდამოდ დარჩება მომავალი თაობებისათვის ადამიანური ღირსებისა და თავგანწირვის მაგალითად.

საქართველოს უხუცესთა საბჭომ აუწყა, ოჯახს ინიციატივა, დაწესდეს ხიზირ დერბიჩევის სახელობის ორდენი, რომელიც მომავალში განსაკუთრებული სიმამაცისა და თავგანწირვისათვის გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვების გადარჩენა შეძლეს ან განსაკუთრებული გმირობა გამოავლინეს.

ოფიციალური პროგრამის ფარგლებში დელეგაციამ დაათვალიერა ინგუშეთის რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის გამარჯვების ხეივანი და თანხმობის კოშკი, სადაც განთავსებულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ვიზიტის დასკვნით ეტაპზე საქართველოს უხუცესთა საბჭოს დელეგაცია, მიწვეულ იქნა დედაქალაქის მერიაში  და ინგუშეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში,  სადაც მხარეებმა განიხილეს ქართველ და ინგუშ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შემდგომი განვითარების, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოებისა და ჯანდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხები.

შეხვედრის დასასრულს ინგუშეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების, ეროვნული პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა საქართველოს უხუცესთა საბჭოს დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ინგუშეთში სტუმრობისათვის.

საქართველოს უხუცესთა საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ მეგობარ ხალხს შორის ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის განმტკიცების გზაზე. საბჭო მომავალშიც გააგრძელებს ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მშვიდობას, კეთილმეზობლობასა და კავკასიელი ხალხების ურთიერთგაგებას ემსახურება.

Scroll to Top